Popsport - 'საბრძოლო სახეობები ჩვენი გენეტიკიდან მოდის'

საქართველოში სპორტის საბრძოლო სახეობები ყოველთვის პოპულარული იყო და ქართველი სპორტსმენებიც მუდამ აღწევდნენ დიდ წარმატებებს. ამ სფეროში აქტიურად მოღვაწეობს გოჯუ-რიუს მეოთხე დანის მფლობელი სენსეი ლევან როგავა, რომელიც საბრძოლო ხელოვნების ცენტრს ხელმძღვანელობს და მრავალმხრივი მიმართულებით საქმიანობს. popsport.com-თან ინტერვიუში ლევან როგავამ საინტერესო თემებზე ისაუბრა...

popsport: რას მოიცავს საბრძოლო ხელოვნების ცენტრი?

როგავა: საბრძოლო ხელოვნების ცენტრი 2012 წელს დაარსდა. ვასწავლით სხვადასხვა საბრძოლო სახეობებს: კონტაქტურ კარატეს, იგივე გოჯუ-რიუს. ასევე, ძიუდოს და MMA-ს. ბავშვების დიდი ნაწილი მაინც კარატეზე დადის, რადგან მშობლებს კარგად ესმით კარატეს არსი, როგორც საუკეთესო საშუალება სულისა და სხეულის გამოწრთობისთვის. ჩვენს ცენტრალურ დარბაზში, რომელიც თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს, დაახლოებით 170 სხვადასხვა ასაკის და სქესის ადამიანი ვარჯიშობს სხვადასხვა სახეობებში, რაც ძალიან სასიხარულოა. შესაბამისად, დარბაზში ჯანმრთელი და პოზიტიური ენერგიაა. რაც შეეხება რეგიონებს, 600-მდე ადამიანი ვარჯიშობს ჩვენს სტილში. დარბაზები გვაქვს ბათუმში, წალენჯიხასა და გორში. 

popsport: რა ასაკიდან ხდება მოსწავლეების მიღება და თუ არის რაიმე შეზღუდვა?

 

როგავა: ჩვენთან უსასყიდლოდ ვარჯიშობენ სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები და არა მარტო ისინი. აგრეთვე ისინიც, ვისაც უბრალოდ არ აქვს საშუალება თანხა გადაიხადონ. ეს ჩვენი მხრიდან ერთგვარი ხელშეწყობაა რომ იყოს სივრცე, სადაც ბავშვებს არ ექნებათ შეზღუდვა მატერიალური დაბრკოლების გამო. ჯანმრთელი მომავალი ჩვენი ხვალინდელი დღეა.  ამის საუკეთესო მაგალითია ჩემი ერთ-ერთი  მოსწავლე თორნიკე ქიმაძე, რომელიც 4 წლის მოიყვანეს ჩემთან მშობლებმა, დღეს კი 17 წლისაა და არაერთი ტიტული აქვს მოგებული. მთელი რესურსით ვცდილობთ დავეხმაროთ  მას, ადამიანური და კარიერული ზრდისთვის. თორნიკე მრავალგზის საქართველოს, 4 გზის ევროპის და 4 გზის მსოფლიოს ჩემპიონია  კონტაქტურ კარატეში. მას კარგი მომავალი აქვს და გვჯერა, რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებს ჩვენს ქვეყანას.

 

popsport: რამდენად პოპულარულია დღეს კარატე მოზარდებში და რამდენად დიდია აქტივობა საბრძოლო სახეობათა სკოლებში?

 

როგავა: კარატეს და ზოგადად, საბრძოლო სახეობების ბევრი სკოლაა საქართველოში და ინტერესიც დიდია ჩვენი გენეტიკიდან გამომდინარე. ჩვენი სპორტსმენები უმაღლესი კატეგორიის საერთაშოირისო ტურნირებში მონაწილეობენ  და კარგი შედეგებიც აქვთ. თუმცა, ვისურვებდი მეტი ყურადღება ეთმობოდეს სოციალურ საკითხებს. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მათ შორის საბრძოლო სახეობების ინტეგრაცია ახალგაზრდებში საუკეთესო პრევენციაა, რომ მოზარდი ქუჩაში არ დადგეს და ნარკოტიკული საშულებები არ მოიხმაროს. იაპონიაში ძიუდო და კარატე სკოლებში ისწავლება როგორც საგანი. ვფიქრობ, ჩვენთანაც უნდა დაინერგოს ეს პრაქტიკა. 

popsport: ქართულ სპორტში პრობლემატურია მწვრთნელთა კვალიფიკაციის საკითხი. როგორი ვითარებაა ამ მხრივ საბრძოლო ხელოვნების ცენტრში და ზოგადად, საბრძოლო სახეობებში?

როგავა: ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან პრაქტიკულად ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული. როგორი მიდგომა და ვარჯიშებიც მწვრთნელს ექნება, ისეთი შედეგები ექნება სპორტსმენს. ამ მხრივ, წარსულში უფრო მეტი პრობლემა იყო. საკმარისი იყო ვინმეს მწვანე ქამარი აეღო, რომ მწვრთნელობას იწყებდა, დღეს ეს კონტროლდება, რაც ნამდვილად მისასალმებელია. პირადად მე 27 წელია ამ საქმით ვარ დაკავებული და მიუხედავად ამისა, დღესაც ვსწავლობ, ვემზადები და ვცდილობ მეტი გამოცდილება შევიძინო. მაგალითად, თებერვალში რომში მივდივარ, სადაც იაპონელი სენსეი ნაკამურა ჩაატარებს სემინარს, რაც საშუალებას მაძლევს უფრო ავიმაღლო კვალიფიკაცია. ამ საკითხს ჩვენ უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ და მხოლოდ კვალიფიციური მწვრთნელები გვყავს. აქედან გამომდინარე, ჩვენთან მწვრთნელად მხოლოდ პროფესიონალები მუშაობენ, რადგან კარგად გვესმის ამ საკითხის მნიშვნელობა.

popsport: როგორი იყო 2018 წელი და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

როგავა: მნიშვნელოვანი იყო სექტემბერში პორტუგალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი. 10-კაციანი გუნდით ჩავედით და 9 მედალი მოვიპოვეთ: 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ თორნიკე ქიმაძე, ნატალი ბიძინაშვილი და ვლადიმერ წერეთელი.  2019 წლის მაისში მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა გაიმართოს და იმედია, რომ ამ ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას და მაღალ შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული და თუ ეს საკითხი მოვაგვარეთ, წარმატების დიდი იმედი გვაქვს. 2016 წელს ბათუმში ევროპის ჩემპიონატი ჩავატარეთ, 12 ქვეყნის 500 სპორტსმენი იყო ჩამოსული და ტურნირმა უმაღლეს დონეზე ჩაიარა. მინდა რომ ევროპის ჩემპიონატს ამჯერად  2019 წელს თბილისმა უმასპინძლოს და იმედია, ეს ასეც მოხდება. ასევე, მომდევნო წლის ივლისში იაპონიაში საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი ბუდოსაი ტარდება, სადაც მიწვეული ვართ ჩვენს ინსტრუქტორებთან ერთად და იმედია, რომ ეს საკითხიც დადებითად გადაწყდება. და მაინც მინდა ვთქვა ჩვენი მთავარი გეგმის და მიზნის შესახებ, რაც მდგომარეობს შემდეგში: მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდის ჩართვა სპორტში, მეტი ჯანსაღი და ძლიერი ადამიანი ჩვენს გარშემო, რაც ჯანსაღი და წარმატებული საზოგადოების წინაპირობაა.


წყარო