დაგროვილი ცოდნის ძალა

12 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვიბრძოლე შეჯიბრზე. დღესაც მახსოვს ცხადად ის განცდა, რაც მაშინ დამეუფლა. მახსოვს როგორი ნდობა და იმედი მქონდა იმის მიმართ რაც იმ პერიოდში ვისწავლე.  მოწინააღმდეგე  საკმაოდ გამოცდილი და ფიზიკურად ძლიერი იყო თუმცა  მე ის დავამარცხე. ეს იყო ჩემთვის გაოცების განცდა და ამასთანავე რაღაც მნიშვნელოვანის აღმოჩენა საკუთარ თავში. ერთდროულად იყო კითხვაც და პასუხიც საკუთარ თავთან თუ რამ შემაძლებინა ეს. მივხვდი რომ მე გადამარჩინა იმ ორწლიანმა ვარჯიშმა, დაგროვილმა ცოდნამ და არა ჩემმა სახელმა და გვარმა. მივხვდი რომ ეს სიკეთე უფრო უნდა გამეძლიერებინა და გამეზარდა, რაც დღემდე გრძელდება და ასე ვარ ჩაბღაუჭებული მას. 

დღეს მე  ამას საკუთარ თავთან მუშაობას ვეძახი. ბავშვი თუ მიხვდა მთავარს ის ყველაფერს გააკეთებს სწორად. 

მე, ჩემი მეგობრები და კოლეგები ჩვენი საქმის მეშვეობით ვცდილობთ ვაჩვენოთ ბავშვებს თუ რა არის მთავარი. ეს არის ნებისმიერი მასწავლებლის სიღრმისეული ფუნქცია/ვალდებულება. ბავშვმა უნდა იგრძნოს თუ რა სიკეთე მოაქვს შრომას და ცოდნას. 

დღეს კი ჩემი ნებისმიერი მარცხი ჩემგანვე აღიარებული და აღქმულია როგორც საკუთარ თავზე არასაკმარისი მუშაობის შედეგი. 

მთავარი ერთია და როცა ბავშვი ხვდება ამ მთავარს მერე სხვას ყველაფერს  ბუნებრივად იგებს. 

იღებ ცოდნას, რომელსაც საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე ვერ მიიღებ. ვმუშაობთ საკუთარ თავთან გულწრფელობის ხარისხზე. 

შენს თავზე მუშაობის უნარი გაძლევს შანსს საკუთარი თავის აღმოჩენის.